ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს

05/04/2022

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს. უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდა. სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების “პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
„პოზიტიური სია“-ში შედის: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში; საქართველოში წარმოებული მედიკამენტები. სხვა მედიკამენტებისთვის “პოზიტიურ სია”-ში მოსახვედრად კი საჭიროა, GMP სერტიფიკატისა და ბიოექვივალენტობის (in vivo მეთოდით) ჩატარებული კვლევის შედეგის წარმოდგენა.
აღსანიშნავია, კომბინირებული, ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები წარმოადგენს გამონაკლისს და მათზე გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება.
11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.
სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0