ჯანმოს ევროპის რეგიონის 2016-2020 ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის შედეგებსა და მიღწევებზე იმსჯელეს

16/10/2018

ჯანმოს ევროპის რეგიონის 2016-2020 ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის შედეგებსა და მიღწევებზე იმსჯელეს დღეს გამართულ რეგიონალურ კონფერენციაზე, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 30-მდე ქვეყნის 150 დელეგატი დაესწრო.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. რაც შეეხება დანიშნულებასა და მკურნალობის სქემას, ის ზუსტად იმავე სახით მიმდინარეობს, რაც დასავლეთ ევროპაშია მიღებული.
„ძალიან მოკლე მონაკვეთმა გაიარა, რაც ნიუ-იორკში, გაეროში იგივე თემაზე ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერდა ტუბერკულოზთან ბრძოლის აუცილებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩართულობის საფუძველი და პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ მიმართულებაში.“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება მსოფლიო ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიზნეს წარმოადგენს. ჯანმომ მიზნად დაისახა 2035 წლამდე სიკვდილობის 95%-იანი და ტუბერკულოზის ინციდენტობის 90%-იანი შემცირება.
2016 წლიდან საქართველო ამოღებულია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან და მოკლე ხანში იქცა საერთაშორისო მაგალითად ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პროგრესის კუთხით.
რეგიონალური კონფერენცია 2 დღიანია და ის დღეს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0