ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

20/02/2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და რამდენიმე საკითხი, მათ შორის, საკანონმდებლო წინადადებები განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2023 წელს კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ამასთან, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2023 წლის განმავლობაში ევროკავშირის 10 სამართლებრივ აქტს უნდა დაუახლოვდეს. კომიტეტმა ასევე განიხილა და დაამტკიცა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ჩატარებული აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. კომიტეტის წევრებმა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც ფენიბუტის (Phenibut) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანას ითვალისწინებს. სპეციალისტთა განცხადებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატი მრავალი წელია გამოიყენება პრაქტიკაში როგორც სამკურნალო საშუალება და რაიმე უარყოფითი გავლენის თაობაზე ინფორმაცია დღემდე არ არსებობს. მას უარყოფითი გვერდითი მოვლენები აქვს მხოლოდ მისი ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც სხვა პრეპარატებს. შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა ასევე იმსჯელა მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მარტოხელა დედების შრომის ანაზღაურების საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით. კერძოდ, დაუბეგრავი 3000 ლარის 6000-მდე გაზრდის შესახებ. საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან იგი არ პასუხობს საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნებს, არ გააჩნია დასაბუთება და არ ახლავს ფინანსური გათვლები. კომიტეტმა ამავე სხდომაზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს – „თავდაცვის კოდექსს“ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღესვე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან ერთობლივ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0