ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულება დადებითად შეაფასა

06/11/2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და დადებითად შეაფასა. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების თაობაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2023 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 6.8 პროცენტი შეადგინა.
2023 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 0.7 პროცენტი შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 4.9 პროცენტის დონეზეა. 2023 წლის სექტემბერში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.9 პროცენტით გამყარდა და 2.68 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. მისივე თქმით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 910.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 607.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 11 303.4 მლნ აშშ დოლარს. წმინდა ფულად გზავნილებს რაც შეეხება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით გაიზარდა და 2 979.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 3 251.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.2 პროცენტით მეტია გასული წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ტურიზმიდან შემოსავლები აღდგენილია 125.9 პროცენტით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 15 594 381.6 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 16 257 930.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 13 266 135.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 13 732 482.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103.5%. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, გეგმა იყო 16 მლრდ 16 მლნ ლარი, საკასო შესრულება – 15 მლრდ. 769 მლნ ლარი, რაც არის დაგეგმილი მაჩვენებლის 98,5%, ხოლო წლიური გეგმა შესრულებულია 72.1%-ით. გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს მხრიდან ბიუჯეტის შესრულება მაღალია. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საკასო ხარჯი არის 5მლრდ 266 მლნ ლარზე მეტი, შესაბამისად, შესრულების მაჩვენებელი – 99,7% -ია, წლიურ გეგმასთან მიმართებაში კი – 76,8%-ია. მისივე თქმით, პროგრამების ნაწილშიც, როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, ბიუჯეტის შესრულება მაღალია და შეფერხება არ არის. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, ბიუჯეტის ცხრა თვის შედეგები მაჩვენებელია თუ როგორი დროულია სახელმწიფოს რეაგირება ყველა მიმართულებით, რაც იმის საწინდარია, რომ სახელმწიფო დასახულ მიზნებს წლის ბოლოსთვის აუცილებლად შეასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0