ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

18/09/2017

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.
როგორც მომხსენებლმა განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი წელს, მაისში მოეწერა და მისი მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობების განსაზღვრა და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.
გენადი არველაძის ინფორმაციით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ასევე იმ პროდუქტების დივერსიფიკაცია, რომლებსაც ჩვენ ქვეყანაში ვაწარმოებთ და ჩვენთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას.
სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე. ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და მოკლედ ისაუბრა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და გეგმის შესრულებაზე.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდა 2017 წელს დაგეგმილია 4%-ის ოდენობით, შვიდი თვის მონაცემებით ამ რიცხვმა შეადგინა 4,4%. ინფლაციაც ასევე 4%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, აგვისტოს მდგომარეობით 5,7%-ია, თუმცა ივლისიდან კლების ტენდენცია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ითაა გაზრდილი.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების თაობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რაიმე ჩამორჩენა პროგრამული შესრულების კუთხით მოსალოდნელი არ არის. კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0