„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრის გახსნა

12/04/2017

თბილისში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები: ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი ესწრებოდნენ, ასევე, სხვა ოფიციალური პირები. სტუმრებმა სასწავლო ცენტრის სასწავლო ლაბორატორიები და სიმულაციური სივრცეები დაათვალიერეს. დავით ნარმანიამ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის, კონკრეტულად პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებით ახალი სასწავლო ცენტრის გახსნა, უდავოდ, პროგრესული ნაბიჯია. ის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც დასაქმებული ადამიანები აღნიშნულ ცენტრში მიიღებენ, წაადგება იმ პროექტებს, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან ქალაქში ხორციელდება. შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო ხარისხიან პროდუქტს ქალაქში, რაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთის ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა თბილისის მერმა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არსებული და პოტენციური თანამშრომელების პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია. სასწავლო ცენტრის პროგრამები და მოდულები დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკაზე. ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სიმულაციური სივრცეებით, სასწავლო სტენდებით, ლაბორატორიებით და აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით, ყოველწლიურად დარგის 60-ზე მეტ ინჟინერს მოამზადებს და 400-ზე მეტ თანამშრომელს გადაამზადებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0