ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირების კამპანიას იწყებს

03/05/2017

იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირების კამპანიას იწყებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ძამაშვილი კოდაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილე მათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსსა და მისი განსჯადობის სფეროს შესახებ ესაუბრა, მიაწოდა ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის და პროცედურაში დაზარალებულთა ჩართვის შესაძლო ფორმებისა და გზების შესახებ. ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო გამოძიების სავარაუდო ვადებსა და შედეგებზე.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წლის 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;
გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;
გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;
ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო წამებისა და მკვლელობის გამოძიებას;
გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.
ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0