ჰენრიკ ვილადსენი პარლამენტის წევრებს შეხვდა

12/07/2017

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორი და კომისრის მოვალეობის შემსრულებელი ჰენრიკ ვილადსენი პარლამენტის წევრებს, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს: რუსლან გაჯიევს, მახირ დარზიევს, სამველ მანუკიანს, რუსლან პოღოსიანს და აზერ სულეიმანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოში ეროვნული უმცირესობების თანაცხოვრების საკითხებს დაეთმო. „შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული – გავცვალეთ მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. აზერბაიჯანული და სომხური სათვისტომოების წარმომადგენლებმა – საქართველოს პარლამენტის წევრებმა, უპირველესად, აღვნიშნეთ, რომ საქართველოში ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების არანაირი რესურსი, პოტენციალი არ არსებობს. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში არის მულტიკულტურის უძველესი ტრადიცია და ახლაც სხვადასხვა კონფესიებს, სათვისტომოებსა და კულტურებს შორის არსებობს დიალოგი ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წევრმა მახირ დარზიევმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი საქართველოს უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არაქართული მოსახლეობა თავს ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევს და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0