​ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე მოეწყობა

26/06/2017

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, საქართველოს საგარეო სამინისტროს ინიციატივით და ძალისხმევით ალიკანტეს უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შედეგადაც ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყობა ქართული კუთხე. წიგნების პირველი ნაწილი უკვე მიეწოდა ბიბლიოთეკას. ქართულ კუთხეში განთავსებული იქნება, როგორც ქართველი მწერლების ნამუშევრები, ასევე, ესპანური ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე გამოითქვა მზაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ფაკულტეტების დამეგობრებასთან და ესპანეთსა და საქართველოში ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დორექტორის მოადგილემ ვარლამ ბაძაღუამ გამართა შეხვედრა ალიკანტეს უნივერსიტეტის რექტორთან მანუელ პალომართან და რამდენიმე ფაკულტეტების დეკანთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა სენატორი ფრანკო გუტიეზი, რომელიც ესპანეთში ქართული დიასპორის ქომაგია.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ესპანეთში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციასთან ,,საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები’’, სადაც განხილული იქნა დიასპორის პროგრამები და დიასპორის სახელმწიფოს სტრატეგია „ერთიანი დიასპორა ძლიერი საქართველოსთვის“. აღნიშნულ ასოციაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ქართული ფოლკლორი. ასოციაცია სისტემატურად მონაწილეობს ქალაქის მუნიციპალიტეტის დღესასწაულებში, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და საერთაშორისო ფესტივალებში, სადაც წარადგენს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0