​​მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გახსნა

21/04/2017

თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„გერმანია საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, რომლის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. დღესდღეობით გერმანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია. გადამწყვეტია გერმანიის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თვალსაჩინოა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების სიხშირე, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანია საქართველოსთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში და საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე საქართველოში უკვე 350-ზე მეტი გერმანული კომპანია საქმიანობს. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი, მათ შორის გერმანელი ინვესტორებისთვის. განსაკუთრებულია საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მჭიდრო თანამშრომლობაა დამყარებული ორი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის და ეს ინდივიდუალური ურთიერთობები კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს. გერმანია რიგით პირველი პარტნიორი სახელმწიფოა ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის კუთხით,“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველო- გერმანიის წელთან დაკავშირებით ასევე ისაუბრეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა, გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა კლაუს-დიტერ ლემანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა კულტურის პოლიტიკის საკითხებში მიხაელ რაიფენშტუელმა.

გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან.

ბერლინი საქართველო-გერმანიის წლის გახნის საზეიმო ცერემონიას 26 აპრილს უმასპინძლებს. ღონისძიებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0