№6 და №40 საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დასრულდა

22/02/2017

პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (#6, #40, #41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული ენერგოეფექტური რეაბილიტაციის სამუშაოები #6 და #40 საბავშვო ბაგა-ბაღებში დასრულდა. პროექტი ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა განახორციელა. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ორივე საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო, ახალი ელექტროტექნიკური სისტემები და ენერგოეფექტური ფანჯრები დამონტაჟდა. მეორე ეტაპზე კი, ორივე შენობის კედლების, სახურავის და სარდაფის ჭერის მინერალური ბამბით დათბუნება მოხდა. რეაბილიტირებული #6 საბავშვო ბაღი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მერის მოადგილეებმა ნოდარ შეროზიამ და დავით ლობჟანიძემ მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელ კარინა მელიქიძესთან ერთად დაათვალიერეს. სტუმრები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით ღონისძიებასაც დაესწრნენ. ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის შედეგად ნახშიროჟანგის ემისია #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 35.42, ხოლო #40 საბავშვო ბაღში 110.68 ტონით შემცირდება. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დაზოგვის მაჩვენებელი #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 188 085, #40 ბაღში კი 575 727 კვტს იქნება. 808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს. პროექტით გათვალისწინებული მესამე, #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდება. 2011 წელს, ქალაქი რუსთავი ევროპის საერთო ხედვას შეუერთდა და ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე აიღო ვალდებულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0