გიორგი დოხტურიშვილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო,

17/06/2023

გიორგი დოხტურიშვილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო, რომელიც საქართველოში პირველად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, გამართულ ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე, „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“, მონაწილეობა ჯამში 70-მდე მეღვინეობამ მიიღო. ფესტივალში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ჰყავდა. კონკურსში, 70 მეღვინეს შორის ბოლნისიდან დიდი ოქრო – „შალოს მარანმა“ და „მუხიგულის ღვინომ“ მოიპოვეს. ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში, გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება.
საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა.
ღონისძიების სტუმრების განწყობაზე ბოლნისის ახალგაზრდულმა ბენდმა „მედიატორი“ იზრუნა. ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურა.
ფესტივალის წარმდგენი იყო – „არემჯი“, ფესტივალის მხარდამჭერები კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები, ბექა დავითულიანი, დავით მათიკაშვილი და ირაკლი კირცხალია, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0