15 ივნისი – გრანდიოზული საცხენოსნო სანახაობა სენაკში გაიმართება

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული და კლასიკური სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, შესაბამისი სამსახურებისა და ადგილობრივი საცხენოსნო კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილულ იქნა 15 ივნისს სენაკის იპოდრომზე გრანდიოზული საცხენოსნო სანახაობის ჩატარების დეტალები, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და უცხოეთის საცხენოსნო კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება შეჯიბრი ისინდის, დოღისა და მარულას ეროვნულ და კონკურის( დაბრკოლებათა გადალახვა) კლასიკურ სახეობებში. ასევე, ხაზი გაესვა სენაკში ცხენოსნობაში ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობებს.
სენაკის იპოდრომზე უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეისათვის დასრულებულია იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოწესრიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საშეჯიბრო მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ცნობილია, რომ სენაკს ცხენოსნობის მდიდარი ისტორიული ტრადიციები აქვს. ეს ღონისძიება სპორტის ამ ულამაზესი სახეობის აღორძინებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების იპოდრომისა და ცხენსაშენის მშენებლობის საპროექტო სამუშაოების დაწყება, რისთვისაც მოწვეული იქნებიან მსოფლიო დონის ექსპერტები და ინვესტორები. პროექტის დასრულების შემდეგ სენაკი ცხენოსნობის ერთ-ერთი მძლავრი ცენტრი გახდება.

Visited 203 times, 1 visit(s) today