15-17 ოქტომბერს საქართველო ეპასის მინისტერიალს უმასპინძლებს

02/03/2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს “გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ“ (ეპასი) აღმასრულებელ მდივანს სტანისლას ფროსარდს და საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფს. შეხვედრას ესწრებოდა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრები – კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში, სპორტულ ფედერაციებში და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ეპასის საკონსულტაციო ჯგუფის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოში სპორტის სფეროში არსებული ვითარების გადამოწმებას და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მოსმენას.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფს წარედგინა ანგარიში საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის, კანონმდებლობის, სპორტში სახელმწიფო დაფინანსების, საქართველოს მიერ ევროპის სპორტის ქარტიისა და სპორტის ეთიკის კოდექსის დებულებების ეფექტიანი შესრულების შესახებ. ასევე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, რომელზეც სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოსთვის 2014 წელს მიცემული რეკომენდაციები, აბსოლუტურად ყველა ნაწილში შესრულებულად მიიღო და ქართულ მხარეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. კულტურისა და სპორტის მინისტრსა და ევროპის საბჭოს დელეგაციას შორის, ასევე შედგა საუბარი ოქტომბერში, თბილისში გასამართ სპორტის მინისტერიალზე და მინისტერიალისთვის მზადების პროცესზე.

მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი):“ მოგეხსენებათ, წლეულს ოქტომბერში ჩატარდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც სპორტის მინისტრები ჩამოვლენ თბილისში, სადაც ჩვენ მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას. ცხადია, ეს ღონისძიება ორიენტირებულია ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეპასის კონვენციების და რეკომენდაციების გაზიარების და იმპლემენტაციების კონტექსტში. თბილისში ჩამოსულია სარეკომენდაციო ჯგუფი, რომელიც ამოწმებს და აფასებს ჩვენს მზაობას მინისტერიალის დაწყებამდე. ზედმიწევნით მაღალი შეფასება მიიღო იმ სამუშაოებმა, რომელიც აქამდე იყო შესრულებული და ახლა ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ღონისძიების დაწყებას“.

სტანისლას ფროსარდი (ეპასის აღმასრულებელი მდივანი):“ საქართველომ შეასრულა იმ რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენ მივეცით 2014 წელს. ეს რეკომენდაციები ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული. დარჩა რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია, მაგრამ აქამდე გაწეული სამუშაოთი ჩვენ კმაყოფილები ვართ. ქარულ მხარეს მივეცით სხვა რეკომენდაციებიც, რომელიც მომავალში ქართული სპორტის განვითარებას დაეხმარება. მინისტრთან შეხვდრაზე საუბარი გვქონდა სპორტის მინისტერიალზე, რომელსაც საქართველო ოქტომბერში უმასპინძლებს. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება და ამ მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციას, სპორტში ადამიანის უფლებების დაცვაზე“.

მოინს კირკები (სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი):“ ვისაუბრეთ საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარებაზე. მომავალში შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით დანიამ და საქართველომ ითანამშრომლონ და საქართველომ ევროპის ქვეყნებისგან უფრო დიდი გამოცდილება მიიღოს. სასიამოვნოა, რომ რეკომენდაციები, რომელიც თქვენს ქვეყანას მივეცით დიდი ნაწილი დადებითად შესრულდა. არის სხვა საკითხებით, რომელზეც საქართველო მუშაობს. ამ თვალსაზირისით ოქტომბერში გასამარი მინისტერიალი მნიშვნელოვანია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0