20 გამარჯვებული სტარტაპი პირველ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო წარმატების გზაზე

05/12/2022

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. დაჯილდოების პროცესს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

“სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში შერჩევის პროცესი წარმატებით დასრულდა. 20 გამარჯვებული სტარტაპი პირველ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო წარმატების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა ინსტრუმენტებიც, რომ ასეთ კომპანიებს ხელი შევუწყოთ, რათა საერთაშორისო მასშტაბით გახდნენ წარმატებულები და თავი დაიმკვიდრონ. ვფიქრობ, ეკონომიკის სწრაფი განვითარება ზუსტად ინოვაციებთან არის პირდაპირ კავშირში და ჩვენი სამინისტრო, მასში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებმა და მის ფარგლებში შექმნილმა ეკოსისტემამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები. მისი თქმით, ამის დასტურია ის, რომ დღეის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა 350 მილიონ ლარზე მეტი კერძო უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში.
2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100,000 ლარიდან 150,000 ლარამდე გაიზარდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0