2017 წელს რამდენიმე კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდება

25/02/2017

პროექტის “ახალი ტიფლისი” ფარგლებში ინდივიდუალური ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამა გრძელდება.პროექტის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, საქართველოს პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად წინამძღვრიშვილის 39-ის და ჯავახიშვილის 14 -ში მდებარე სახლების ბინათმესაკუთრეებს შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა. როგორც საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა აღნიშნა ჩუღურეთის რაიონში რეაბილიტაციას 535 ძეგლი საჭიროებს და მიმდინარე წელს რამდენიმე მათგანის აღდგენა-გამაგრება მოხდება. “წინასაარჩევნოდ მე და ბატონი გიორგი ვოლსკი მოსახლეობას დავპირდით რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდით კულტურული მემკვიდრეობის აღდგენას და ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ. ჩუღურეთში 535 ძეგლია სარეაბილიტაციო. ჩვენ გავაკეთეთ სელექცია და შევარჩიეთ ისეთი შენობები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებს აღდგენა-გამაგრების სამუშაოებს. აღნიშნულ მისამართებზე, პროექტების მოსამზადებლად თბილისის განვითარების ფონდმა კონკურსი უკვე გამოაცხადა და სულ მალე პროექტირება დაიწყება”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0