ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს პირველი სხდომა გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესზე ზედამხედველობისა და შედეგების შეფასების მიზნით, რეგულარულად შეიკრიბება.
„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიღების შემდეგ, გველოდება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები-მოსამზადებელი სამუშაოები, რათა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა რეალურად აღსრულდეს.
ამას ესაჭიროება როგორც შემდგომი ნორმატიული ბაზის განვითარება, ასევე, აღმასრულებლებისა და საზოგადოების მომზადება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და მინიმალური სოციალური დაძაბულობით მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელსაც თამბაქოსგან თავისუფალი საქართველო ჰქვია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ ხელმძღვანელს, ჯოშუა აბრამსს და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელს, კრისტინა მაიერ სტენდერს სიმბოლური სიგელები გადასცა.
აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონმდებლობა შემდეგ მთავარ საკითხებს არეგულირებს: მოწევის შეზღუდვა, რეკლამის აკრძალვა, ელ. სიგარეტების რეგულირება, თამბაქოს შეფუთვის რეგულირება, ვაჭრობის რეგულირება, თამბაქოს ინდუსტრიასთან სახელმწიფოს ურთიერთობის რეგულირება, თამბაქოზე ინფორმაციის წარმოდგენა, ადმინისტრირების გაძლიერება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის 1 მაისიდან მოწევა ყველა დახურულ შენობაში აიკრძალება.
მისივე განცხადებით, არსებულ რეგულაციებს თამბაქოს აქსესუარების და მოხმარების მოწყობილობების გაყიდვის აკრძალვა-რეგულირება, ასევე, სკოლებისა და ბაღების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან 50 მეტრის რადიუსში გაყიდვისა და ინტერნეტით და ფოსტით საცალო გაყიდვის აკრძალვა ემატება.