2018 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

09/10/2017

2018 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო.
წარმოდგენილი გადაწყვეტილების შესაბამისად, მომავალი წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა, ამასთან ერთად, აღნიშნული შეზღუდვა საომარი მდგომარეობის დროს და სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე არ გავრცელდება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზეც იმსჯელეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროცენტული გაანგარიშება, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლები გააცნო და კომიტეტის კომპეტენციაში შემავალი ძალოვანი უწყებების დაფინანსების პარამეტრები გააცნო.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 702 მლნ. ლარით, შსს – 605 მლნ. ლარით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის – 123 მლნ. ლარით დაფინანსება იგეგმება.
მისივე განცხადებით, მომავალი წლისთვის ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების დაფინანსება კვლავაც გაიზდება, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად განვითარებისთვის იქნება მიმართული, რაც შეეხება საგარეო ვალს – მათ დასაფარად 760 მლნ. ლარი გამოიყოფა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0