„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი იურიდიული კომიტეტისთვის. რადგან სწორედ ამ პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საკანონმდებლო საზედამხედველო სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტმა 91 საკანონმდებლო ინიციატივაზე, 412 კანონპროექტსა და 69 საკანონმდებლო წინადადებაზე იმუშავა, ასევე, უპასუხა 2530-ზე მეტ მომართვას მოქალაქეების მხრიდან, რაც, მისივე შეფასებით ადასტურებს, რომ გასული წელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი წელი იყო. არჩილ თალაკვაძემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაშიც კომიტეტის მიერ შეტანილი წვლილი განსაკუთრებულია.
„მინდა გამოვყო კომიტეტის წვლილი მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შემუშავებასა და მიღებაში. ეს საკანონმდებლო რეფორმა ემსახურება საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გაძლიერების მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას. ამ პაკეტის მიღების შედეგად დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა, ამაღლდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სტანდარტი და გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიურობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც იურიდიულ საქმეთა კომიტეტს საკვანძო ფუნქცია ჰქონდა, არის საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებისა და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურის დადგენა და ამ რეგულაციების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა მოსამართლეთა შერჩევის და დამტკიცების ღია, დემოკრატიულ პროცესს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა შემდგომი სამუშაოსთვის და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელიც გონივრული იქნება პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა კანონებიც, რომლებიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო და რომელთა მიღებაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ძალისხმევას უკავშირდება – მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მედიაციის შესახებ ახალი კანონი და ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ეხება.
„2020 წელსაც, კომიტეტს და პარლამენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები შესასრულებელი. ეს არის ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების ასახვა საარჩევნო კანონმდებლობაში და ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი ორგანული კანონი. მჯერა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მისი აპარატი წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, კომიტეტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს საზოგადოებისთვის გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე – კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა ყურადღება 11 ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე გაამახვილა.
„2019 წელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი განვიხილეთ, რომლებიც ჩვენი გუნდის – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით კანონებად იქცა. ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც განამტკიცებს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. აღნიშნული კანონის მიღებას მიესალმნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მათ ეს კანონი შეაფასეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განისაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის უპრეცედენტოდ ღია, საჯარო, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურა, რამაც დაამკვიდრა დემოკრატიის მაღალი სტანდარტით მოსამართლეების არჩევის პროცედურა და უზრუნველყო საზოგადოების მხრიდან მონიტორინგის შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტის მეშვეობით პირველად შეიქმნა „მედიაციის შესახებ“ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტას, რაც ხელს შეუწყობს მედიატორის პროფესიის განვითარებას, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დავების მოლაპარაკებებით გადაწყვეტას, სასამართლო დავების შემცირებას და კიდევ უფრო სწრაფ მართლმსაჯულებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, 2019 წელს ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ამით გაძლიერდა კონტროლი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე. ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სავალდებულოობასთან და უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
„მივიღეთ კანონი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას. მხარი დავუჭირეთ საკანონმდებლო ცვლილებათა მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სავალდებულოობას, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაეკისრა ვალდებულება განსაზღვროს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას აუცილებელი იქნება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადება. საკანონმდებლო დონეზე ახლებურად მოვაწესრიგეთ უცხოელებისთვის საინვესტიციო, მოკლევადიანი და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები. შედეგად, გამკაცრდა ასეთი ნებართვების გაცემის წესი და შეიქმნა ახლებური, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევით, ჩვენი თანამემამულეებისთვის გაგრძელდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სახელმწიფოსთვის მიმართვის ვადა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნებას. ანრი ოხანაშვილმა, ასევე ისაუბრა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების უკეთ დაცვის და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობის მიზნით, გავამკაცრეთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილას არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირებისთვის. ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ეფექტიან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად განვახორციელეთ საკანომდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ევროჯასტში საქართველოს მხრიდან მეკავშირე პროკურორის წარგზავნას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მიღებული იქნა კანონი, რომლითაც ადმინისტრაციული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან სრულად გათავისუფლდნენ საზოგადოების ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, აღნიშნული ინიციატივით 36 140 პირი გათავისუფლდა 23 მილიონ ლარამდე ოდენობის ფულადი ვალდებულებისაგან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გარდა, 2019 წელს კომიტეტმა თავისი საქმიანობა, ასევე განახორციელა: საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, თანამდებობის პირთა გამწესების, საპარლამენტო კონტროლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის და დაინტერესებული პირების წერილებზე (განცხადებებზე) რეაგირების მიმართულებებით. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს: საქართველოს მთავრობასთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიულ დახმარების სამსახურთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობისკენ, რაც ჩვენი გუნდის – „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა. 2020 წელსაც ვგეგმავთ ჩვენი საზოგადოების ინტერსებზე ორიენტირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა და GIZ-ის პროგრამა „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამართლებრივი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“ გუნდის ხელმძღვანელმა, შალვა პაპუაშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო ინსპექტორის, დედაქალაქის საკრებულოს და მერიის, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის, აკადემიური სფეროს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.