2022 წელი რთული წელი გახლდათ

08/02/2023

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შესასრულებლად პარლამენტმა უკვე მიიღო 82 კანონი. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება შეეხება, ასევე ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. პარლამენტის სხდომას საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

„წარმოგიდგენთ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმებს. მართლაც, საპარლამენტო ცხოვრების აქტიურად განახლებამდე, ახლა არის საუკეთესო დრო, რათა შევაჯამოთ წინა წელი, გავიაზროთ ჩვენი მიღწევები და გამოწვევები, და ახალი გეგმებით შევუდგეთ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დაცვასა და მათთვის ყოველდღიურობის გაუმჯობესებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი იყო. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც მან აღნიშნა რუსეთის აგრესია საქართველოსთვის არ არის უცხო.

„2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი გახლდათ. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეიწირა, საფრთხე შეუქმნა მსოფლიო უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურასა და საერთაშორისო წესრიგს, გამოიწვია გლობალური არასტაბილურობა, სურსათისა და ენერგო კრიზისები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია ჩვენთვის უცხო ან მოულოდნელი ვერ იქნებოდა, საქართველოსთვის, როგორც ამ რეგიონის წევრი ქვეყნისთვის, მაინც განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ამ მასშტაბის დაპირისპირება. ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს – უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერა, ისე უპირველეს ყოვლისა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი კრიზისებისგან ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა. ვფიქრობ, ამ რთულ ამოცანას, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმაც წარმატებით გავართვით თავი და მოსახლეობა დააფასებს ამ ძალისხმევას. 2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აქტიურად ასრულებდა საზედამხედველო საქმიანობას მთავრობის წევრებისა და სხვა საჯარო ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმით, დებატების გამართვითა და კომიტეტების მუშაობის გზით,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საზედამხედველო საქმიანობის მხრივ, პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახდა.

„2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახლდათ, სადაც 3-ჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ – მინისტრებს, გაიმართა ანგარიშვალდებული ოფიციალური პირების 20 მოსმენა, დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნა ათასობით შეკითხვა. საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში დამტკიცდა მედიის აკრედიტაციის წესი, რომელიც საუკეთესო ევროპულ გამოცდილების გათვალისწინებით, ორ ძირითად პრინციპს მოიცავს: მედიისათვის მუშაობის სათანადო პირობების შექმნა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირების მიზნით; პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფას. აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდება,” – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0