2022 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რაც საფინანსო ინსტიტუტების მიერ იყო პროგნოზირებული – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, მთავრობის ხედვები და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მინისტრის თქმით, მიუხედავად ძალიან რთული პანდემიის პერიოდისა, საქართველოს რეგიონში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა აქვს. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზარდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, პოზიტიური დინამიკაა წლის დასაწყისიდან – პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 14.4%-ია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე, სრულად გადალახულია ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში.
„პოსტპამდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ამაზე განსაკუთრებული ფოკუსი ჰქონდა მთავრობას – ბევრი რამ გაკეთდა და მოვახერხეთ ის, რომ მიმდინარე წლისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა. ეს მაჩვენებელი შედარებული გავქვს 2019 წელთან, როდესაც ტურიზმის შემოსავლები პიკში იყო. შესაბამისად, სრულად გადავლახეთ შემცირების ის ეფექტი, რომელიც გვქონდა პანდემიის პირობებში“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თავის გამოსვლაში, ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომელმაც იანვარ-აპრილში 37.1 პროცენტი შეადგინა.
„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა – მარტში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო აპრილში 10%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8 პროცენტით და 1,587.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერი ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას ასახელებს.
„ყველაფერი კეთდება ზუსტად იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ფასების ზრდის უარყოფითი გავლენა შევამციროთ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და მეორე – ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას და გაიზარდოს შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან საბოლოოდ ჩვენ ყველას გვესმის, სიღარიბის დაძლევა ყველაზე მთავარი გამოწვევაა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით – 21.3%-დან 17.5%-მდე შემცირდა.