2023 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო

12/02/2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი 2023 წლის საქართველოს ტურიზმის სექტორის შედეგები შეაფასა. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს დაახლოებით 26%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა და რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„2023 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ჩვენ, სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორთან ერთად, არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ შემოსავლები, რომელიც ტურიზმიდან გვქონდა პანდემიამდე, არამედ ეს მონაცემი 26 პროცენტით გავაუმჯობესეთ. ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით, რაც კიდევ ერთი წარმატებაა,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

2023 წელს საქართველომ წარმატებით უმასპინძლა სათხილამურო ჩემპიონატს ბაკურიანში. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin -ი. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაზეც.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან. 2023 წელი ამ კუთხითაც წარმატებული იყო. ჩვენ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, ასევე ავიაკომპანია ინდოეთიდან, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებას, რაც პირდაპირ აისახა ტურისტული ნაკადებისა და სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე ისაუბრა 2024 წლის სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ სწორი სამოქმედო გეგმითა და სწორი სამთავრობო პოლიტიკით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2024 წელი იქნება ყველაზე წარმატებული წელი ტურიზმსა და ავიაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0