251 დევნილ ოჯახს „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები გადასცეს.
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 251 იძულებით გადაადგილებული ოჯახი გახდა. ბინების გადაცემის ღონისძიებაზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილების მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში და მომავლის გეგმები წარადგინა. 2020 წელს, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, გორში, ხაშურსა და მარნეულში გადაეცემათ. ჯამში, წლის ბოლომდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი განსახლდება, 1000 ოჯახს კი საცხოვრებელი დაუკანონდება.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 დევნილი ოჯახისთვის, სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა იწყება.
“ნამდვილად ძალიან ბევრი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ დღეს ჩვენ საშუალება გვქონოდა, გაგვეხარებინა ეს ბავშვები, გაგვეხარებინა 251 ოჯახი და საერთო ჯამში, 1 000 ადამიანი, რომლებსაც ნამდვილად, დამსახურებულად ეკუთვნით, რომ იცხოვრონ უღრუბლო საქართველოში, შიშის გარეშე, საკუთარი საცხოვრისი გააჩნდეთ და ჰქონდეთ ელემენტარული პირობები, როგორც ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს. ეს არის ჩვენს მიერ აღებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ წლების წინ მივანიჭეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა, უპირატესობა და ნამდვილად არ ვიშურებთ არც ერთ დღეს და არც ერთ წელს იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა ადამიანის იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიაზრებთ და ვხედავთ, რომ ეს აუცილებელია და არსებობს”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
ღონისძიებას, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლენთან ერთად, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც ესწრებოდა.

Visited 100 times, 1 visit(s) today