27 მაისს აქცია „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა

21/05/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი – ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0