3 დეკემბერს, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე წარმოადგენს ნათელ შეხსენებას იმისა, რომ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა საჭიროებს მუდმივ ყურადღებასა და კონსოლიდირებულ ძალისხმევას, როგორც სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და პატივისცემა. ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით, გააქტიურდა მუშაობა შშმ პირებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე, ასევე თანდათან იხვეწება სახელმწიფოს მიდგომები და არსებული პრაქტიკა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ის, რომ 2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2014 წლის აპრილში.
მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან კონვენციურ მექანიზმთან, როგორიც არის – შშმ პირების უფლებების კომიტეტი. 2016 წლის ივლისში საქართველომ ხსენებულ კომიტეტს წარუდგინა თავისი პირველი ანგარიში კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე. შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხი და მნიშვნელობა ასახულია, როგორც 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაში, ისე მის სამოქმედო გეგმებში.
სიტყვით გამოსვლისას ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვისა და წახალისების, ასევე ხსენებულ თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველა ღონეს იხმარს, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.