პარლამენტმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

03/04/2024

პარლამენტმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ცვლილებებით, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება იმ აკრძალული არააუდიტორული მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევის უფლებაც აუდიტორული მომსახურების გამწევ აუდიტორულ ფირმებს არ ექნებათ. ასევე, დგინდება გამჭვირვალობის ანგარიშის გასაჯაროების ვალდებულება. კერძოდ, განისაზღვრება, რომ აუდიტორული ფირმა, რომელიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უწევს საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს ვალდებული იქნება თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საკუთარ ვებგვერდზე გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მირზა გელაშვილის განმარტებით, ცვლილებებით დგინდება, რომ გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იმ სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs). ასევე, დგინდება, რომ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია, შემოიფარგლოს წერილობითი გაფრთხილებით მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიმართ, 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებებისთვის. მირზა გელაშვილის განცხადებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა 2016 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ევრო რეგულაციებთან და დირექტივებთან დაახლოებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0