ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა

13/07/2023

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტი, რომლის ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია, ითვალისწინებს 3 სართულიანი შენობის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ამწე-ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობას, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, აქვს ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახები და საბუნებისმეტყველო კლას კაბინეტები. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, მოადგილე ნუკრი ხასია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილზე გაეცნენ დასრულებულ სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ 1874 წელს, აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით, გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა. სწავლების პირველ წელს, ძველი სენაკის სკოლაში, 21 მოსწავლე ირიცხებოდა.
1884 წლის 25 ოქტომბერს, სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სადაც, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით, სიტყვა წარმოუთქვამს აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი, იაკობ გოგებაშვილი. სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0