71 მუნიციპალიტეტს შორის ჩხოროწყუს მერია მეორე ადგილზეა

06/12/2017

პროექტ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ,,ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“, საუკეთესო 5 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა. თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს დათო გოგუას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. კვლევის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენელმა გიორგი ტოკლიკიშვილმა წარუდგინა. მან ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტების საერთო რეიტინგისა და საბოლოო ანგარიშის შესახებ, მიმდინარე წელს, ონლაინ პლატფორმის -WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით ჩატარებული კვლევის შედეგებზე. ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის ყველზე მაღალი შედეგის მქონე 5 მუნიციპალიტეტი რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ჩხოროწყუ და ზუგდიდი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა. მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, მოხდა. კვლევა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 71 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. კვლევის მიმდინარეობისას შემფასებლის სტატუსით, პროცესში მონაწილეობა ათი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა მიიღო. პროექტს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი’’, ფონდის ,,ღია საზოგადოება-საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0