პარლამენტის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დღეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.
დეპუტატმა დაზარალებულები კიდევ ერთხელ მოინახულა და მათ სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შპს „მიკროსაფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეებისა და მათი ადვოკატების თხოვნით, ასევე, ყველა დაინტერესებული მხარისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, საპარლამენტო ჯგუფმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია და ამ ფორმატში, ინტენსიური მუშაობა კვლავ გრძელდება.
გურამ მაჭარაშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის ინფორმაციული ხასიათის დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დეპუტატმა აქციის მონაწილეებს საპროტესტო რეჟიმიდან საკითხის განხილვის სამართლებრივ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პერმანენტული საპროტესტო აქციები, რაც, ცხადია, მათი კონსტიტუციური უფლებაა, ხელს არ უწყობს პრობლემის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტას და სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.