შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. საბავშვო დაწესებულების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო და ხიჭაურის მოსახლეობას ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის.
2 სართულიანი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 15-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ლადა“ ასრულებდა, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 220 000 ლარი დაიხარჯა.
ბაგა-ბაღის გახსნის ღონისძიებას ხიჭაურში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.