საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსი მინიჭების საკითხი წარუდგინა. მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაღებად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს აუცილებელია თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო ჰქონდეთ, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება.
ცვლილებების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.
მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასევე იცვლება სკოლების დაფინანსება. კერძოდ, თუ სსსმ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა, ცვლილებების შემდეგ დაფინანსება 500 ლარი გახდება.