საქართველოს პარლამენტში პარლამენტის მიერ 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილი საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

„საპარლამენტო კონტროლი რიცხვებში“ – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული პარლამენტის 10 გამოწვევის ფარგლებში განსახორციელებელი გამოწვევებიდან ერთ-ერთის, საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

„ერთი თვის წინ, ჩვენ წარმოგიდგინეთ პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევა, ათი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვეცდებით პასუხი გავცეთ საშემოდგომო სესიაზე. დღეს წარმოგიდგენთ თუ რის გაკეთებას გეგმავს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით. წინ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს, მაგრამ პარლამენტი მუშაობს და მზად არის ყველა გამოწვევას უპასუხოს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ღონისძიება იმართება მედიისთვის და საზოგადოებისთვის, რათა მოქალაქეებმა თვალი მიადევნონ პარლამენტის საქმიანობას და მიიღონ სრული ინფორმაცია, თუ რის გაკეთებას აპირებს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით.

„ათი გამოწვევა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ათი გამოწვევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის საპარლამენტო ზედამხედველობა. საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია საზედამხედველო საქმიანობაც, რათა მოქალაქეებს პარლამენტის საშუალებით ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორ ახორციელებს თითოეული სამინისტრო იმ გეგმებს და პრიორიტეტებს, რომელიც იყო ასახული, როგორ იხარჯება ჩვენი გადასახადები, რა ხდება სხვადასხვა მნიშვნელობის სფეროებში, მინისტრების მიმართ, როდესაც ისინი მობრძანდებიან საკომიტეტო და პლენარულ ფორმატებში, ინტერპელაციის კონკრეტული შეკითხვები, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას, სწორედ საპარლამენტო სივრცეში იქნება დასმული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებას პარლამენტის მიერ გაცხადებული 10 გამოწვევიდან ერთ-ერთის, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა წარუდგინა და პარლამენტის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ 10 გამოწვევაში მხოლოდ ერთი კომპონენტი აქვს დათმობილი საპარლამენტო კონტროლს, საქმის და ჩასატარებელი სამუშაოს თვალსაზრისით, საპარლამენტო საქმიანობის დატვირთვის თითქმის ნახევარი მიაქვს საპარლამენტო კონტროლს. მასშტაბი ჩასატარებელი სამუშაოებისა არის ძალიან დიდი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე პარლამენტს მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით ძალიან ბევრი რამ აქვს გათვალისწინებული.

„წლის ბოლოს გვაქვს სურვილი, რომ უკვე არა გეგმით, არამედ იმ ანგარიშით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე, რაზეც ჩვენ ამ სესიის დასაწყისში ვსაუბრობდით. ანგარიშვალდებულებაზე საუბარს პირველ რიგში ვიწყებთ საკუთარი თავიდან და შემდეგ გადავდივართ სხვა უწყებებზე, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ჰქონდეს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ლეგიტიმაცია რომ სხვებს მოსთხოვოს პასუხი იმაზე, თუ როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ საქმეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტი აგრძელებს ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი გააკეთებს.

Visited 131 times, 1 visit(s) today