იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს წიაღით სარგებლობისას ჩადენილი სამართალდარღვევების დიფერენცირებას მათი სიმძიმის მიხედვით და შესაბამისი სანქციების განსაზღვრას. პროექტის თანახმად: დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაწესებულია 500 ლარიანი ჯარიმა; მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ჩადენილი დარღვევებისთვის – 5 000 ლარიანი ჯარიმა; პოლიმეტალების მოპოვებისას ჩადენილი დარღვევებისთვის – 10 ათას ლარიანი ჯარიმა; შესწავლის ეტაპზე ჩადენილი დარღვევებისთვის 5000-ლარიანი და ყველა სხვა სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის 2000 ლარიანი ჯარიმა. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.