ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები, პროგრამა “INOGATE”-ის ექსპერტები და ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, პროგრამა “INOGATE”-ისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა.
მოწვეულმა უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შესახებ და მერების შეთანხმებაზე. მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. ის აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.