თბილისსა და სოფიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12/05/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი, ერთის მხრივ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქ სოფიას მერმა, იორდანკა ფანდაკოვამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.
მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებამდე, თბილისის მერმა ბულგარელ კოლეგასთან ერთად ის ღონისძიებები დაგეგმა, რომელიც, დამეგობრების ფარგლებში, უახლოეს მომავალში განხორციელდება. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ სოფია და თბილისი ერთნაირი სიდიდის ქალაქებია და ბევრი რამ აქვთ საერთო, ჩვენთვის მათი გამოცდილება საინტერესოა. განსაკუთრებით, ჩვენ გამოვყავით მუნიციპალური ტრანსპორტის სფერო, ვინაიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციის პროექტები, რაც მათ განახორციელეს, ჩვენთვის არის საინტერესო და აღნიშნული პროცესები ჩვენს ქალაქში, სწორედ, ახლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ტურისტების ურთიერთგაცვლასთან. ის ღირსშესანიშნაობები, რაც სოფიას და თბილისს გააჩნია, საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, ამიტომ შევთავაზებთ მათ ჩვენს შესაძლებლობებს და ვითანამშრომლებთ სხვა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ორივე მხარისთვის იქნება საინტერესო და სასარგებლო”,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0