საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე პედრო სერანოს შეხვდა, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასა და კრიზისებზე რეაგირებაზე.
გენერალური მდივნის მოადგილემ, პირველ რიგში, გამოხატა საკუთარი მწუხარება 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დანაშაულებრივი ფაქტის დაუყოვნებლივი გამოძიება და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტის, მნიშვნელობასა და როლს; აღნიშნა მისიის მხრიდან მანდატის სრულად განხორციელების საჭიროება. ევროკავშირის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, დაადასტურა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ცალსახა მხარდაჭერა.
დასასრულს, პედრო სერანომ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში შეტანილი წვლილისთვის, რაც გამოიხატება არსებულ მისიებში აქტიური მონაწილეობით. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას.