ჩემს კანდიდატურაზე ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
„დღეს წარდგენილი ადამიანები შერჩეული იყვნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი. მე მესმის საზოგადოების და თქვენი ძალიან დიდი ინტერესი თუ ვინ იქნება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო სიაში, თუმცა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია და ყველაფერს გაიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი სახეები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ ქართულ პოლიტიკაში.

Visited 122 times, 1 visit(s) today