ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 13 იანვარს, მიხეილ ჯანელიძე ეწვია ლიტვის სეიმს, სადაც მონაწილეობა მიიღო ლიტვის თავისუფლების დამცველთა დღისადმი მიძღვნილ სეიმის საგანგებო სხდომაში.
აღნიშნული ღონისძიება ამ დღეს ტრადიციულად იმართება 1991 წლის იანვარში ვილნიუსში განვითარებული მოვლენების საპატივცემულოდ. საზეიმო სხდომა სეიმის სპიკერმა ვიკტორას პრანცკიეტისმა გახსნა, ღონისძიებას დაესწრნენ ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი, ლიტვის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
სეიმის საგანგებო სხდომაზე მიხეილ ჯანელიძე ესაუბრა ლიტვის ყოფილ პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს და დამოუკიდებელი ლიტვის სახელმწიფოს პირველ მეთაურს პროფესორ ვიტაუტას ლანდსბერგისს. მინისტრმა მათ ლიტვის თავისუფლების ჯილდოს მიღება მიულოცა, რომელიც ლიტველ პოლიტიკოსებს აღნიშნული სხდომის ფარგლებში გადაეცათ.