დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR, the UN Refugee Agency) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ UNHCR-ის წარმომადგენელს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ზრუნავს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე იძულებით გადაადგილებულ პირებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.
შეხვედრაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მიღებულ კანონზეც ისაუბრეს, რომელიც იოჰანეს ფან დერ კლაუს განცხადებით, მაქსიმალურადაა მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა იოჰანეს ფან დერ კლაუს UNHCR-ის მიერ სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები მომავალში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.