ლიტერატურულ კონკურსში პროფესორმა ნესტან სულავამ გაიმარჯვა

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წლის ფარგლებში გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ნომინანტის დაჯილდოება გაიმართა. დაწესებული ფულადი ჯილდო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნესტან სულავას გადაეცა.
კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონული გაზეთის ,,ლიტერატურული მესხეთისა“ და მხარის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ლიტერატურული კონკურსი, ნომინაციაში – ,,რუსთველოლოგია“, გასული წლის აპრილში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 9 მეცნიერმა მიიღო. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროფესორ ნესტან სულავას მონოგრაფია „ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები“ საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა. აღნიშნული კონკურსის მიზანს რუსთველოლოგიაში მომუშავე მეცნიერთა წახალისება და ფინანსური ხელშეწყობა წარმოადგენს.
ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ასევე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ახალციხელი თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის მიერ ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შესრულებული ექსპოზიცია იყო წარმოდგენილი.

Visited 142 times, 1 visit(s) today