ხობში მრავალფუნქციური სპორტდარბაზის მოწყობა მიმდინარეობს

საერთაშორისო სტანდარტების სპორტდარბაზი იქნება მრავალფუნქციური და განთავსდება: საჭიდაო მოედანი, ჭადრაკის დარბაზი, საბილიარდო, ფიტნესდარბაზი და საუნა. ხობის მუნიციპალიტეტში, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ. ახალ სპორტდარბაზში შესაძლებელი იქნება პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული. ამ ეტაპზე, კომპლექსურად მიმდინარეობს: სადემონტაჟო და გამაგრების სამუშაოები, კედლებისა და ჭერის მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, შიდა და გარე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელოს რეგიონში, ლევან შონიამ მოინახულეს. პროექტით გათვალისწინებულია შენობის თუნუქით გადახურვა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები. ჩატარდება ელექტროობისა და გათბობა-ვენტილაციის სამუშაოები. სპორტდარბაზის მოწყობის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულება 2018 წლის აპრილში იგეგმება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება

Visited 194 times, 1 visit(s) today