პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად, შეუერთდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სუფთად ევროპისკენ“ კვირეულს და აქციის ფარგლებში ბორჯომის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის და მედიის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 150 ნერგი დარგეს.
პარლამენტის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობდნენ ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი აქტივობების კვირეული გამოაცხადა. კვირეულის მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.