ADB საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს

13/06/2016

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების შეხვედრას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
მთავრობის მეთაურმა აზიის განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ADB-ის მხარდაჭერას ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარების, საბიუჯეტო მხარდაჭერის და შეღავათიანი ფინანსური რესურსების გამოყოფის მიმართულებით.
შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოში ADB-დან ჯერ არ განხორციელებულა.
შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და განათლების რეფორმაზე. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერებას, ისე – პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია. ADB საქართველოს მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ასევე, დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროგრამას.
აზიის განვითარების ბანკის 7 აღმასრულებელი და ალტერნატიული დირექტორი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში, რომელსაც ADB-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ჟონჟინ უანი ხელმძღვანელობს, ADB-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორები – მეთიუ ფოქსი, გაუდენშო ჰერნანდეს უმცროსი, ფილასლაკ იუკასემუონგი, მაპა პატირანა, მაიკლ შტრაუსი, შარაფჯონ შერალიევი იმყოფებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0