C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამა იწყება

25/11/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამა იწყება, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე გაკეთდება. პროგრამა ჯანდაცვის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა ამირან გამყრელიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს.
პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორების მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უნიკალურია თავისი მასშტაბით და მიზნად ისახავს ქვეყანაში 150 000 C ჰეპატიტით ინფიცირებული პირის გამოვლენას და მკურნალობას. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ქვეყნის მოსახლეობის ტუბერკულოზის და შიდსის დიაგნოსტირებით და მკურნალობით უნივერსალური მოცვა. თუმცა, პაციენტების აქტიური გამოვლენა და მათი მკურნალობაში ჩართვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სამივე დაავადების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალი პრევალენტობის რეგიონებში.
პრევენციის ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ადრეული გამოვლენა და მკურნალობა. ქვეყანას ეძლევა რეკომენდაცია უზრუნველყოს მაღალი რისკის ჯგუფების პირთა სულ ცოტა 90%-ის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, აივ/ინფექცია შიდსსა და C ჰეპატიტზე. პილოტური პროექტის ფარგლებში აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისების ინტეგრირებული მოდელის შემუშავება, პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თემის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა დაავადებათა გამოვლენის საკითხებში, ამ მიზნით მოკლევადიანი მულტიდისციპლინური ტრენინგების პროგრამის შემუშავება და ჩატარება თითოეულ მუნიციპალიტეტში.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვნია რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა როგორც მოსახლეობასთან, ასევე რეგიონში არსებული პირველადი ჯანდაცვის რგოლთან მიმართებაში, რაზეც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სრული მზაობა განახადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადგილობრივ მთავრობასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებამ, ასევე სამივე დაავადების შედარებით მაღალმა გავრცელებამ განაპირობა პილოტური პროგრამის განხორციელებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის შერჩევა.
პროგრამა აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის განხორციელებას განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0