C ჰეპატიტის კამპანიის ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პარლამენტის მაჟორიტარი-დეპუტატები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივ კამპანიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაც შეუერთდა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – მაია ლაგვილავამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის C ჰეპატიტის პროგრამა. საკმაოდ ბევრი ოჯახია ჩვენს ქვეყანაში, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად მიუღიათ ამ პროგრამის სიკეთე. აღნიშნულმა პროგრამამ ერთგვარი ფსიქოლოგიური გარდატეხა მოახდინა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში, მოქალაქეები მიხვდნენ, რომ დაავადება არ არის დასამალი, პირიქით საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო საზოგადეობას, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომელთაც შეძლეს ეს მნიშვნელოვანი პროგრამა დაენერგათ და განეხორციელებინათ ჩვენს ქვეყანაში“- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მისასალმებელ სიტყვაში.
შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა – ამირან გამყრელიძემ, C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართა და პროგრამის ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ კახეთის რეგიონში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
C ჰეპატიტის კამპანიის ახალი ტალღა 28 ივლისს, პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრთან – დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.
დღეის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია 50 000–მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%–ია.