Check in Georgia უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, წლევანდელი Check in Georgia პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს.
მინისტრის განცხადებით, ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავლები და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს.
„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია Check-in Georgia-ს პროექტიც“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმიდან 2 მილიარდ 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 27%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.
ამასთან, მხოლოდ იანვარ-თებერვალში საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.2%-ია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 130 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 134,870-ს შეადგენს. მხოლოდ თებერვალში საქართველოს 440,806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ია.