„ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთობას სამაგალითო,“ – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. EBRD საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკის თანამშრომლობა და ფინანსური კონსტრიბუცია მომავალ წლებში გაიზრდება.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.