EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ EUROJUST-თან შეთანხმების გაფორმება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციის ყველა რესურსი ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მათ შორის რეგიონალური კუთხით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც.

„საქართველო უერთდება ევროჯასტის იმ დიდ ოჯახს, რომელიც ერთობლივად, ევროპის ფორმატში ახორციელებს ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გამოიყენოს და მიიღოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში თითოეულ წევრს აქვს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეორე მხრივ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, გაფართოვდეს ამ ბრძოლის გეოგრაფია, როგორც რეგიონალური კუთხით, ისე შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ შესაბამისი წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან სისტემაში საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ჰააგაში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და EUROJUST-ის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).

Visited 73 times, 1 visit(s) today