21 ივნისს, ბათუმში, მუშაობა დაიწყო ორდღიანმა კონფერენციამ, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად. კონფერენციის ორგანიზატორები არიან მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კონფერენციას 70-ამდე მონაწილე ესწრება 17 ქვეყნიდან, მათ შორის, მთავრობების, საბაჟო სამსახურებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მონაწილე ექსპერტებს შორის არიან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და გამარტივდეს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. ეს მეტად მნიშვნელოვანია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, სადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციები ხშირად დიდ დროს და თანხებს საჭიროებს, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა: „საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ფორუმს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბევრი რამ შეუძლია გაუზიაროს სხვა ქვეყნებს და მათი გამოცდილების გაზიარებაც სასარგებლო იქნება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას რეგიონის მასშტაბით“.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი მთავრობებს ვაჭრობის სფეროში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებაში ეხმარება. შედეგად, კომპანიებისთვის მცირდება ინსპექციების სიხშირე, საქონლის გაფორმებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო და საოპერაციო ხარჯები, მარტივდება პროცედურები, სახელმწიფო ორგანოებს კი უფრო ეფექტიანი ფუნქციონირების საშუალება ეძლევათ.
IFC-ის უფროსმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯერსპერ კიერმა განაცხადა: „ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების გამარტივებით. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ამ სფეროში ცოდნის გაზიარებას და სავაჭრო ბარიერების შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის წახალისებას შეუწყობს ხელს“.
ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია. ჯგუფი ეხმარება ქვეყნებს მარტივი, ეფექტიანი და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და, ამავდროულად, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
ამ სტრატეგიის ფარგლებში, ვაჭრობის ხელშეწყობის პროექტი ეხმარება განვითარებად ქვეყნებს ვაჭრობის მხარდამჭერი რეფორმების განხორციელებაში და ამით ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. პროგრამის მხარდამჭერები არიან: კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტი, ევროკომისია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო, ასევე, UKaid და USAID. კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო.
2015 ფინანსურ წელს IFC-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.