III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა

06/03/2016

საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
თინათინ ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან, მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა.

ამჟამად, III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი აღმსარებლობის 103 სამხედრო მსახურობს. სალოცავის გახსნის შემდეგ მუფთმა III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა. თავდაცვის მინისტრმა კი ჯარისკაცებთან საუბრისას დემოკრატიულ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ქვეყანას აქვს დემოკრატიული კანონმდებლობა და ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება. დემოკრატიული ხელისუფლება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს შესაძლებლობა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ეს ინიციატივა გავახმოვანეთ პანკისში ყოფნის დროს და რეალობაში დავიწყეთ მისი საქმით გადაქცევა. ყველა სიტყვა, რომელსაც ვამბობ, შემდეგ საქმეთ იქცევა და ესეც ამის ერთ-ერთი დასტურია. ყველა ბრიგადაში, სადაც მუსლიმი სამხედროები მსახურობენ, ექნებათ საკუთარი აღმსარებლობის სრული, აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ III ქვეითმა ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებას, რათა გაგვეხსნა ეს სამლოცველო. იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლოს კიდევ ორ ბრიგადაში შევძლებთ დავასრულოთ ეს პროცესი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობას შევქმნით და ამის გარანტი თავდაცვის სამინისტროა,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სახმელეთო ჯარების ახლადდანიშნული დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე გააცნო, რომელსაც დასავლეთ სარდლობის შტაბს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამლოცველოს გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა. სამხედრო ქვედანაყოფებში სათანადო ღონისძიებების გატარება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0